როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დაზვერვა იმ დონეზე მუშაობს საქართველოში, რომ ვინ რისთვის არის დასასანქცირებელი, ზეპირად იციან? რა თქმა უნდა არა, „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“ ამ სიების შედგენის ავანგარდში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებაში ქართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის შეფასებისას.
მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანაა მუდმივ პრესინგში იყოს საქართველო და მისი ხელისუფლება რაც შეიძლება მეტი დაუშავონ ამ ქვეყანას.
„Რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“ ავანგარდში ბალტიისპირეთის გადაწყვეტილების, სანქციების დაწესების საკითხში. როდესაც საქართველოში იყო რეგისტრირებული [„საერთაშორისო გამჭვირვალობა“], არც მაშინ აკლებდნენ ავანგარდში ყოფნას. თქვენ გახსოვთ, რომ ისინი ჩართულები იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტის პერიოდში მოთხოვნაში, რომ საქართველოში გადამდგარიყო ხელისუფლება და რაღაცა ტექნიკური მთავრობა მოეყვანათ და ამ ტექნიკურ მთავრობაში მონაწილეობასაც კი აპირებდნენ. ასე რომ ეკა გიგაურისთვის ეს ახალი არ არის, ის ღიად აკეთებდა ამას და ამის გაკეთებას აგრძელებს. რატომ აგრძელებს? იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვს მიღებული.
სიებს ის ადგენს და ვთქვათ ავანგარდშია ამ სიების შედგენის? რა თქმა უნდა, ავანგარდშია. აბა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დაზვერვა იმ დონეზე მუშაობს საქართველოში, რომ ვინ რისთვის არის დასასანქცირებელი ზეპირად იციან?! რა თქმა უნდა, ამათ ავალებენ, ესენი ადგენენ სიებს. თან ბრალდებები არის ყოვლად, არ ვიცი რა დავარქვა, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ლაშა ტალახაძე, კაცი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე თავშეკავებული ადამიანი, გარდა იმისა, რომ მას უზარმაზარი წვლილი აქვს საქართველოს წინაშე, იმას რომ დააბრალებ, რომ აგრესიულობის გამოა დასასანქცირებელი. მთელმა საქართველო ნახა, როგორ მისდევდა „დიფ სთეითის“ აგენტურის ერთ-ერთი აქტივისტი, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა და ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ შემოუბრუნებია უკან. მთავარი ამოცანა მათი არის, რომ მუდმივი პრესინგის, ზეწოლის ქვეშ ჰყავდეთ საქართველოს ხელისუფლება, რაც შეიძლება მეტი დაუშავონ საქართველოს და მის ხელისუფლებას. ამას შედეგი არ ექნება და ამაში ცოტა ხანში ყველა დავრწმუნდებით“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.