ჩვენ ერთი განცდა გვრჩება, რომ განსაკუთრებით ლაშა ტალახაძის შემთხვევაში - პირად შურისძიებასთან თუ რაღაც ტიპის „ვენდეტასთან“ გვაქვს საქმე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტალახაძის სანქცირების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ორგანიზაციის რეგისტრაციის ადგილი ესტონეთში გადაიტანა, რითაც სურს, გაექცეს გამჭვირვალობის კანონმდებლობას.
„სრული აბსურდია, როდესაც ადამიანებს ასანქცირებენ იმ მიზეზებით, რაც არის მითითებული. ჩვენ ერთი განცდა გვრჩება, რომ განსაკუთრებით ლაშას შემთხვევაში, პირად შურისძიებასთან თუ რაღაც ტიპის „ვენდეტასთან“ გვაქვს საქმე. ცდილობენ, ისეთ ადამიანებს დაარტყან, რომლებიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში.
ეს აღარ არის ქართული ორგანიზაცია - არანაირი გაგებით! იგი დაფუძნებულია ესტონეთში, ესტონეთში გადაიტანეს. სხვათა შორის, - სხვებმაც. ეს არ არის ერთადერთი ორგანიზაცია. ჩვენი აზრით, ამას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი, ეს არის, რომ გაჰქცეოდნენ ქართულ კანონმდებლობას - გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე მაქვს საუბარი“, - აღნიშნა მახაშვილმა.
როგორც ირკვევა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიისპირეთში სანქცირებულ პირთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიუთითა - ის „აგრესიულობით გამოირჩევა“.