Politico: ტრამპს ევროკავშირის განადგურება და სათავისოდ გადაწყობა სურს

Politico: ტრამპს ევროკავშირის განადგურება და სათავისოდ გადაწყობა სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და მისი გადაწყობა სურს ისე, რომ დიდ როლს ეროვნული ხელისუფლებები თამაშობდნენ და არა ევროპული ინსტიტუტები. სტატიას ამ შინაარსით Politico აქვეყნებს.

„დონალდ ტრამპი წარუმატებლად ეძებდა ევროკავშირის ჯავშანში ხვრელებს, მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სავაჭრო ომს მიმართა, მაგრამ ახლა უფრო მოწყვლადი წერტილი იპოვა - კრიზისი უსაფრთხოების სფეროში, რომელიც თავად შექმნა უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებით, რამაც 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში პოტენციური კონფლიქტები გამოააშკარავა“, - წერენ სტატიის ავტორები.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მხოლოდ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე, ვიქტორ ორბანი იყვნენ დაპატიჟებული. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ენთუზიაზმის გარეშე ურთიერთობენ ევროპულ ინსტიტუტებთან, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეხვედრა გაუქმდა, როცა ის უკვე ვაშინგტონში იყო ჩასული.

„სიგნალი ნათელია - ტრამპს ევროკავშირის გათიშვა და „დაყავი და იბატონე“-ს პრინციპით ეროვნულ ლიდერებთან პოლიტიკის წარმართვა სურს. ეს შეუძლებელი იყო მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, როცა ევროპა მის წინააღმდეგ გაერთიანდა. ხოლო ახლა აზრთა სხვაობა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ბლოკის ერთობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნულია Politico-ს სტატიაში.

ამ ფონზე წინა პლანზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი გადმოვიდნენ, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკის ცვლილების საპასუხოდ ახალ, საერთო ევროპულ მიდგომას ეძებენ. ამავდროულად, როგორც სტატიაშია აღწერილი, ევროკავშირი საკმაოდ დაქსაქსული და არასაკმარისად საზრიანია იმისათვის, რათა უპასუხოს მასშტაბურ შეტევას, რომელსაც ტრამპი ახორციელებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.