მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა საკმაოდ დიდი, ალბათ ეგზისტენციური შეცდომა დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, ცდილობენ, რაღაცნაირად ისე გადალაგდნენ, რომ თავი შეინარჩუნ, რელევანტურობა არ დაკარგონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მთელი ეს გადალაგება-გადმოლაგების მცდელობები ამას უკავშირდება, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება და ისევ მარგინალურ ძალებად დარჩებიან, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ ხედავს მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წამყვანი როლით და ხელმძღვანელობით ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივას, რაც მამუკა ხაზარაძის ინიციატივაა.
„ეს მათი არჩევანი იყო. მათ ასე გადაწყვიტეს, რომ პატივი არ სცეს საკუთარი ამომრჩევლის ხმას და გადაწყვიტეს, სხვა ტიპის პოლიტიკურ თამაშებში შესულიყვნენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა მათი ნაბიჯი თანმიმდევრული, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი არჩევანია, ასე მიიჩნევდნენ, თუმცა ფაქტი ფაქტია, არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა.
„მარტო ხელისუფლებისადმი არა, ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ ოპოზიციასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძლიერი მანდატი მისცა მოსახლეობამ. 61 მანდატი აიღო ოპოზიციამ, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია ამ მხრივ, მაგრამ მათი არჩევანი იყო ასეთი, როგორიც იყო, რომ წასულიყვნენ ესკალაციაზე, დესტრუქციაზე. თუ ამ ძალებს აქვთ რამე ინტერესი და ამბიცია საერთოდ, რომ ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენენ, აგერ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ის არჩევნები, სადაც ყველაზე ახლოს არიან მოსახლეობასთან, ადგილობრივ თვითმმართველბებზე მაქვს საუბარი, და დაამტკიცონ იქ, რომ ნამდვილად, რეალურად რამეს წარმოადგენენ. ეს ჩვენი მხრიდან უფრო რიტორიკული საკითხია, რადგან ვიცით, რასაც წარმოადგენენ და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ ასე საკუთარი თავის გარიყვას პოლიტიკური სივრციდან, ეს მათივე მომავლისთვის იქნება ცუდი“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა შანსი, ეს გარიყვა თავიდან აცილებულიყო, თუ მმართველი გუნდი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და სადეპუტატო უფლებამოსლებას არ შეუწყვეტდა, რა გადაწყვეტილებაც ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ცხოვრების დასასრულად გამოაცხადა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ მათ რაც არ უნდა სცადონ ისრების ხელისუფლებაზე გადატანა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მათ თავად მოითხოვეს საკუთარი მანდატების გაუქმება. მისივე თქმით, მთელი სამთვიანი პროცესი იყო არა კონსტრუქციული დიალოგის, მოლაპარაკებების და საუბრის, არამედ დესტრუქციის, შეტევის, ცეცხლის შენთების პერიოდი და ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც იყო ყველაზე ლოგიკური, რათა ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღებულიყო.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხა, რა ხდება მსოფლიოში, რაზეც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს დიდი გადალაგება და საქართველო არის ამ დიდი გადალაგების ერთ-ერთი მონაწილე.
„ამიტომ არის განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ქვეყნის, ამ რეგიონის კონტროლი და გავლენა ამ რეგიონზე, რათა ეს პროცესი მართონ თავიანთი გადმოსახედიდან. აი, ამ გადალაგებაში და გლობალურ ჭიდილში იღებს ტრამპიც გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ უმჯობესია, არა ცოტა-ცოტა ყველგან იყოს წარმოდგენილი და ცოტა-ცოტა რაღაცები შეძლოს, არამედ ფოკუსირდეს იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის და ფოკუსირდეს იმაზე, რაც ნამდვილად მისი სამხედრო თუ ეკონომიკური გავლენებისთვის იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის უნდა იყოს გაკვეთილი – უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ დიდი ძალების ჭიდილში არ ვიყოთ პაიკი, რომელსაც გაწირავენ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალურად იყოს დაცული და რამდენად ელოდება მმართველი გუნდი აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, რაზეც მუდმივად საუბრობდა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დონალდ ტრამპის ორი მთავარი პრიორიტეტი არის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომების დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მისი ფოკუსი ევროპა და ევროპის საკითხების დარეგულირება.
„ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობრებიც და პარტნიორებიც, რომლებსაც აქვთ უშუალო კომუნიკაცია, მათ შორის, ტრამპის უახლოეს წრესთან. ჩვენი მოლოდინიც სწორედ ეს არის, რომ ცოტა მოგვიანებით ტრამპი მეტ დროს დაუთმობს, მათ შორის, ევროპის საკითხებს“, – განაცხადა მახაშვილმა.
როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოტივაციაა, ერთი მხრივ, აირიდოს ომიანობა, მშვიდობა იყოს დაცული და, მეორე მხრივ, დიპლომატიის გამოყენებით გააჩინოს ინტერესი, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს.