აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აქვს გამოკვეთილად ხისტი და სწორი პოლიტიკა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ გარდა ადამიანური მსხვერპლისა ამ ომის შედეგები არ იქნება უკრაინისთვის უკეთესი და უფრო გააძლიერებს რუსეთს. ტრამპის ინტერესებში კი რუსეთის უფრო მეტად გაძლიერება და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს გაქრობა არ შედის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ტრამპს აქვს გამოკვეთილად ხისტი და, მე ვფიქრობ, სწორი პოლიტიკა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და რატომ? იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის ადამიანური მსხვერპლი, ამ ომის შედეგები არ იქნება უკრაინისთვის უკეთესი, ამ ომის ყოველი მომდევნო თვე იქნება უფრო უარესი უკრაინისათვის და უფრო გამაძლიერებელი რუსეთისათვის. აქედან გამომდინარე, ტრამპის ინტერესებში არ შედის რუსეთის უფრო მეტად გაძლიერება და უკრაინის საბოლოო ჯამში როგორც სახელმწიფოს გაქრობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ცხადია, რომ ამ ომის გაჩერებაში ყველაზე დიდი წვლილი უნდა აშშ-მა შეიტანოს. ამისთვის მას აქვს დიდი ბერკეტები და ყველაზე დიდი ძალა - მატერიალურიც და პოლიტიკურიც, ამ ყველაფერმა ერთად კი ომის შეჩერებაში ლომის წილი უნდა შეიტანოს.
„უმნიშვნელოვანესი არის, რომ ომის მეორე მხარე ანუ რუსეთი, რომელმაც შეჭრა მოახდინა უკრაინის ტერიტორიაზე, მოლაპარაკების მეორე, უმთავრესი მხარეა, რომელიც ასევე უნდა დათანხმდეს ან იძულებული იყოს დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრამპი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. რა თქმა უნდა, აქ არის უკრაინა, ევროპა, ევროკავშირიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრამპს აქვს გარკვეული ხედვა, რომ არც უკრაინა, არც ევროკავშირი გარკვეულწილად არ იყო მზად სამშვიდობო პოლიტიკის ასე სწრაფად და ენერგიულად განხორციელებისათვის. გამომდინარე აქედან ტრამპი აქაც ხისტ პოზიციას იჭერს”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.