ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება

ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ, ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან, ამიტომ ვამბობდით, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება.

„ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან და სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა. მათი შედეგი რა იყო ისიც ვნახეთ, ისევე როგორც, შემდეგ როგორ იმოქმედეს. ოპოზიცია დღეს ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ. მგონი, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება. ოპოზიცია, ლიდერების თამადობით, იმდენად გაკოტრებულია, რომ საპროტესტო აქციაზეც ვერ გამოდიან და მიტინგებს ვერ მართავენ. ცდილობენ, ისეთი მულაჟი შემოიტანონ, რაც თითქოს და, უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური შედეგი დამოუკიდებლად არასოდეს არ დაუდია. თავიდან საგარეო საქმეთა მინისტრად სააკაშვილმა წაიყვანა, შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მაჟორიტარი დეპუტატი და პრეზიდენტი გახდა. ამიტომ, ახლა ნულოვანი ოპოზიცია ნულოვან ლიდერს დაიყენებს თუ არა, ამით ჯამი მაინც ნულოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.