სოზარ სუბარი: საავტორო გადაცემის ავტორმა ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს, მაგრამ, არ მგონია, რომ უნდა დავავალდებულოთ, ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად

სოზარ სუბარი: საავტორო გადაცემის ავტორმა ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს, მაგრამ, არ მგონია, რომ უნდა დავავალდებულოთ, ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს, მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. 

„რა თქმა უნდა, როდესაც ბრძანებთ, რომ არ არსებობს ადამიანის შეურაცხყოფისა და ცილისწამების თავისუფლება, ადამიანის ღირსებას უნდა იცავდეს კანონი, პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული და ა.შ., აქ შეუძლებელია განსხვავებული აზრი გვქონდეს. მაგრამ, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დაზუსტდეს.

პირველი - ეს არის კანონპროექტის ის მუხლი, სადაც წერია, რომ „საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იყოს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება". ჩემი აზრით, ეს საკამათო დებულებაა. არ შეიძლება, საავტორო გადაცემას იგივე სტანდარტი მოვთხოვოთ, რაც ახალი ამბების გაშუქებას. საავტორო გადაცემა იმიტომაც არის საავტორო, რომ იქ ადამიანი უფრო თავისუფლად გამოთქვამს თავის მოსაზრებას, სტუმრადაც იმას მოიწვევს, ვისი აზრიც მისთვის საინტერესოა. 

არ შეიძლება, საავტორო გადაცემის ავტორს იგივე სტანდარტი მოვთხოვოთ, რასაც ვითხოვთ, მაგალითად, ახალი ამბების რედაქტორისგან, ან წამყვანისგან. საავტორო გადაცემა შეიძლება იყოს ძალიან მიკერძოებული. ბუნებრივია, მიკერძოებულობა არ ნიშნავს, რომ გადაცემის ავტორს აქვს, ვთქვათ, სიცრუის გავრცელების, ცილისწამების, ადამიანის შეურაცხყოფის ან კანონსაწინააღმდეგო მოწოდების გაკეთების უფლება, მაგრამ სუბიექტური აზრის გამოთქმის უფლებას ნამდვილად ნიშნავს. თუკი კანონი გადაცემის ავტორს დაავალდებულებს, რომ ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად და ყველაფერს თანაბარი დრო დაუთმოს, მაშინ ეს აღარც იქნება საავტორო გადაცემა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საავტორო გადაცემაში ვერ იქნება ყველა აზრი გაჟღერებული. მისი თქმით, ამ ტიპის გადაცემები ბუნებრივად არის ტენდენციური და მათ რომ იმავე სტანდარტის დაცვა მოვთხოვოთ, რასაც საინფორმაციო გადაცემებისგან ვითხოვთ, არ იქნება მართებული. 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცხადია, საავტორო გადაცემაც არ უნდა გასცდეს კორექტულობის ფარგლებს, არ უნდა ავრცელებდეს ტყუილს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ მის ავტორს უნდა ჰქონდეს უფლება, იყოს ტენდენციური“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სოზარ სუბარს პასუხი გასცა და განმარტა, რომ ერთმანეთისგან გასამიჯნია საინფორმაციო, პოლიტიკური და საავტორო გადაცემები, თუმცა საავტორო გადაცემა არ გულისხმობს ფაქტების არაჯეროვნად გაშუქებას.