ევროკავშირმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყეს უპრეცედენტო შეტევა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს, საქართველოს წინააღმდეგ - ამის რეალური მიზეზი არ არის დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, - წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი.
„რატომ გამოარჩიეს საქართველოს მთავრობა? პირველ რიგში, იმიტომ, რომ მან უარი თქვა ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მიერთებაზე, რის გამოც მას „პუტინისტური რეჟიმის“ იარლიყი მიაწებეს. არ შეგეშალოთ - საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა. თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან. რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციას ახდენს და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა. თუმცა, ეს მეზობელი ქვეყნები არიან, რომლებსაც ღრმა ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ სანქციებს მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ამტკიცებს, რომ საქართველოს ზოგიერთი კანონი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებთან, კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი კანონი ეხება ოჯახური ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას.
„მეორე კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს, ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები გაამჟღავნონ. საქართველოში დაახლოებით 26 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა - 143 მოქალაქეზე ერთი ორგანიზაცია, რაც გლობალურად უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების 90% უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მხოლოდ 26%-მა გახადა თავისი ფინანსები გამჭვირვალე. თანხების უმეტესი ნაწილი მოდიოდა USAID-დან, „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ და სხვა დასავლური წყაროებიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურულ ომში ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ საზოგადოებად ითვლება. უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო. სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველო დასაჯა სანქციბზე არმიერთებისთვის, პრაგმატული საგარეო ურთიერთობების გატარებისთვის, კონსერვატიული შიდა პოლიტიკისა და სამოქალაქო სფეროს გამჭვირვალობის მოთხოვნისთვის.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს და განუსაზღვრელი ვადით გადადო აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ევროკავშირმა გაყინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და მოითხოვა ამ კანონების გაუქმება. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა [ამ მოთხოვნების] შესრულებაზე და, შესაბამისად, განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა მისი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ევროკავშირის პოლიტიკოსები და ევროპელი აქტივისტები აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მათმა სისასტიკემ აღაშფოთა ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა და მმართველმა პარტიამ არჩევნები ძლიერ მოიგო“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - ევროკავშირმა სცადა საქართველოში არჩევნების გაუქმება.
„ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია არჩევნების შედეგების დაგმობით და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა , მიუხედავად იმისა, რომ ხმების 90% დათვლილია ნიდერლანდური ელექტრონული სისტემით, რომელიც თავად ევროკომისიის მიერ არის რეკომენდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიცა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე და არ აღმოაჩინა არჩევნების სისტემატური გაყალბების მტკიცებულება“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ისა და ევროკავშირის ერთგული პარტნიორია და რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც ახლა დასავლეთის ცეცხლის ქვეშაა, კონსტიტუციაში შეიტანა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო დღის წესრიგის საფუძველი.
„საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი განიცადოს და იბრძვის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის როგორც მეზობლებთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან. საქართველოს მთავრობა მიესალმა აშშ-ის საგარეო დახმარების პოლიტიკის ღრმა ცვლილებას და USAID-ის შეჩერებას. თბილისი ფუნდამენტურად ეთანხმება ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, როდესაც ის მოუწოდებს ევროპელ ლიბერალებს, შეწყვიტონ ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების არჩევნებში. საქართველო მზადაა, შეიძინოს მეტი ამერიკული იარაღი და აღადგინოს პარტნიორობა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. დროა ჩავერთოთ გეოპოლიტიკაში ისე, როგორც ეს არის გამიზნული - არა ლიბერალური დემოკრატიის ექსპორტითა და არჩევნებში ჩარევით, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომებით და ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობით“, - დასძინა სტატიის ავტორმა.