პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია როგორც ორმხრივი შეხვედრები, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რაც არის ძალიან საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე სასაუბროდ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობების განვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოტენციალს შექმნის.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორიული ურთიერთობები, ისე არსებული მაღალი დონის კავშირები. კიდევ უფრო საინტერესოა პერსპექტივები, გამომდინარე იმ ახალი შესაძლებლობიდან, რაც დერეფნის განვითარების ჭრილში მეტად დაგვაახლოებს და გააღრმავებს არსებულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია როგორც ორმხრივი შეხვედრები, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, ძალიან საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე სასაუბროდ და თანამშრომლობის განსავითარებლად, რაც, საბოლოო ჯამში, როგორც საქართველოს, ისე უზბეკეთს მნიშვნელოვნად წაადგება და კიდევ უფრო მეტ პოტენციალს შექმნის,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.