ლევან მახაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაბიჯები უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, ერთისა და იმავე შეცდომის გამეორებას ჯიუტად აგრძელებენ

ლევან მახაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაბიჯები უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, ერთისა და იმავე შეცდომის გამეორებას ჯიუტად აგრძელებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაბიჯები უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, ერთისა და იმავე შეცდომის გამეორებას ჯიუტად აგრძელებენ. როცა დასანქცირებული ადამიანების სიას უყურებ, ნათელი ხდება, სანქციების და ამ სახელმწიფოების რეალური მიზანი რა არის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, მიზანია,’ არა ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება, არამედ იმ მცდელობების გაძლიერება, რომ საქართველო ომის ფერხულში ჩაერთოს.

„შეიძლება, ბევრისთვის მსოფლიო შეტრიალდა, მაგრამ პროცესები ჯერ დასრულებული არ არის. რასაც ვხედავ, როგორც ჩანს, ამერიკამ პოზიცია შეიცვალა, თუმცა პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ევროპის ნაწილზე ჯერ არაფერი დაწყებულა. ამიტომ ამერიკა რაც უფრო შეეცდება პროცესების გაწელვას, რასაც უკრაინაში ვხედავთ, მით უფრო აგრესიული და აქტიური იქნება ევროპის ფლანგი ამ მიმართულებით. ამიტომ, პროცესები არათუ დასრულდა, არამედ ამ ხაზს ენერგია მიეცა. ჯერ კიდევ სახიფათო პროცესებია, სამშვიდობოს არ გავსულვართ და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მხრიდან ამიტომ არის გააფთრებული მცდელობა, რომ იქნებ საქართველომ მაინც გადადგას ის ნაბიჯები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გადადგა. იმის ნაცვლად, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ, საქართველოსთან ურთიერთობა უფრო დაძაბეს, რაც შეცდომა იყო. რაც არ უნდა სცადონ, იმავე შეცდომის გამეორებით შედეგებს ვერ მიაღწევენ. სამი წლის განმავლობაში ყველაფერი ხელისგულზე დევს. მათი მცდელობები შედეგებს ვერ გამოიწვევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გაჩერდებიან. მათი ძალისხმევა ერთი-ორად გაორმაგდება, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს აანალიზებს და ამ მცდელობებს შედეგი ვერ ექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.