ჯეი დი ვენსი: ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ ამბობენ, ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაშიო, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ

ჯეი დი ვენსი: ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ ამბობენ, ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაშიო, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ

ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ ამბობენ: „ჩვენ ამ საქმეში პრეზიდენტ ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაში“, შემდეგ, პირად სატელეფონო საუბრებში ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა მშვიდობის და კეთილდღეობის დასაბრუნებლად, არის ის, რის მიღწევასაც აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს.

„ევროპელებთან პრობლემა ამაში მდგომარეობს. ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარია, ჩვენი მოკავშირეები არიან. იცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს შესანიშნავი ურთიერთობა ბევრ ევროპელ სახელმწიფო მეთაურთან და ასევე მეც, თუმცა ისინი უნდა იყვნენ რეალისტები და ყველაზე გიჟური ნაწილი ამაში არის ის, რომ ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ მკერდს გამოზნექენ და ამბობენ: „ჩვენ ამ საქმეში პრეზიდენტ ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაში“. შემდეგ, პირად სატელეფონო საუბრებში ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. ის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ასე რომ, გულწრფელად, მე არ მადარდებს, რას ამბობენ ევროპელები საჯაროდ. რაც მადარდებს, არის ის, რას ამბობენ ისინი პირად საუბრებში. მათ უნდა უთხრან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. სისხლისღვრა, მკვლელობა, ეკონომიკური განადგურება – ეს ყველას მდგომარეობას აუარესებს. ერთადერთი გზა მშვიდობის და კეთილდღეობის დასაბრუნებლად, არის ის, რის მიღწევასაც პრეზიდენტი ცდილობს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინას მხოლოდ აზარალებენ.

„ჩვენი ევროპელი მეგობრები მხოლოდ ზიანს აყენებენ უკრაინელებს, რადგან მათივე მოსახლეობა ამბობს, რომ არ აპირებენ ამ ომის დაფინანსებას განუსაზღვრელი ვადით. ამერიკელი ხალხი ამბობს, რომ არ სურს ამ ომის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება. ასე რომ, ერთადერთი, რაც ემსახურება ამერიკის, რუსეთის, უკრაინის და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, არის ამ ყველაფრის დასრულება. ზელენსკი მიემგზავრება ევროპაში და ბევრი ჩვენი ევროპელი მეგობარი მას აქებს. ეუბნებიან, ის თავისუფლებისთვის მებრძოლია, რომ მან უნდა გააგრძელოს მუდმივად ბრძოლა. სამუდამოდ იბრძოლოს რითი? ვისი ფულით? ვისი აღჭურვილობით და ვისი სიცოცხლით? პრეზიდენტს სინამდვილეში აქვს ბევრად უფრო რეალისტური პერსპექტივა და ამბობს, რომ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ამას მუდმივად. უკრაინელები ვერ იბრძოლებენ მუდმივად. ასე რომ, მოდით, მივიყვანოთ ეს საქმე მშვიდობიან დარეგულირებამდე“, – აღნიშნა ვენსმა.

Gami "მომავალი 10 წელი" როგორ არიან იმ კლოუნის გვერდით? დღეს არიან და ხვალ აღარცერთი იქნება თავის სკამზე.
45 წუთის უკან