მართლაც უპრეცედენტო რამ მოხდა ოვალურ კაბინეტში, მსგავსი რამ არ მომხდარა, ერთი ქვეყნის პრეზიდენტი აიძულეს დაეტოვებინა თეთრი სახლი. ეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ცხადია მოექცა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
მისივე თქმით, აქ სახეზეა ევროპის და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის კონფლიქტი და ამის გამოხატულება.
„უნდა ვთქვათ ის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ მოქმედებს საკუთარი ქვეყნის, ანუ უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სტერილურად და ის გადასულია ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ინტერესების მომსახურებაზე. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ უკრაინისთვის ამ ყველაფერს ექნება მძიმე შედეგები, უკრაინელი ხალხისთვის და უკვე აქვს. უფრო დამძიმდება ეს შედეგები. კლასიკური ნიმუში და მაგალითია იმისა, უპასუხისმგებლო ლიდერი, რომელიც არ გამოდის ქვეყნის ინტერესებიდან. ამის გამოცდილება ჩვენც გვაქვს. სამწუხაროდ, გვყავდა ისეთი ლიდერი, ვინც ქვეყანა ომის ქარცეცხლში შეაგდო და დიდი მსხვერპლით და ნგრევით გამოვედით, ძლივს გადავრჩით. იყო საშიშროება, უფრო მეტი ზიანი მიგვეღო. ახლა უკრაინაა ამ დღეში. თანავუგრძნობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ ისევ მათი მოსაგვარებელია ეს საკითხი. ეს პროცესი ალბათ დაიძვრება. რაც მოხდა თეთრ სახლში, გამოიწვევს აუცილებლად შიგნით უკრაინაში უკრაინელი ხალხის ამხედრებას და მოთხოვნას, რომ საკუთრივ უკრაინის ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.
თეთრი სახლი გლობალისტურ ევროპას, დავარქვათ „კოლექტიური ბრიუსელი“, ორ ვარიანტს სთავაზობს. ეს არის მკაცრი ვარიანტი და მეორე არის რბილი ვარიანტი ომის დასრულების და გლობალური პროექტის დასრულების. მკაცრი ვარიანტი გახლავთ 25 პროცენტიანი საბაჟო ტარიფი, რომელიც ევროპის ეკონომიკას ფაქტობრივად დაანგრევს“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.