სამშობლოს ღალატად მიიჩნევა, მაგალითად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის, ან ორგანიზაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულს ჩაიდენს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ. მან ისაუბრა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი.
„ვიცით, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე ამოიღო და შემდეგ უკვე მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. მათ შორის ის პრეისტორია, რომელიც აგვისტოს ომს უძღოდა, თვითონ აგვისტოს ომის მიმდინარეობისას და ამის შემდეგაც, აჩენს იმის ვარაუდს, რომ მათ არ უნდოდათ, სამშობლოს ღალატის მუხლი არსებულიყო სისხლის სამართლის კოდექსში. აუცილებელია, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მაგალითად ჯაშუშობის ჩამდენი იქნება საქართველოს მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირი. სამშობლოს ღალატად მიიჩნევა მაგალითად საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის, ან ორგანიზაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულს ჩაიდენს. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოს წინაშე რაც აქვს ადამიანს ვალდებულება აღებული, რომ პატივი სცეს თავის ქვეყანას, ასეთი დანაშაულის და მსგავსი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, ამ ადამიანებს ეწოდოთ არა მხოლოდ უბრალოდ ჯაშუში, არამედ სამშობლოს მოღალატე ჯაშუში“, - განაცხადა გორდულაძემ.