ამერიკის შეერთებული შტატების კანონი რომ ვთარგმნეთ სიტყვა-სიტყვით, რაღაც ახლა პროტესტს ვერ ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ამერიკულ „ფარასთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, ამერიკის მოქალაქის მსგავსად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია თუ რომელი ორგანიზაცია რა წყაროებიდან იღებს დაფინანსებას.
„როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა მიიღონ ინფორმაცია, თუ რომელი ორგანიზაცია რა წყაროებით ფინანსდება, ზუსტად ანალოგიურად ჩვენც გვაქვს ამის შესაძლებლობა. ზუსტად იგივე ფორმით, როგორც აშშ-შია, აქაც, ჩვენს შემთხვევაშიც იქნება მიღებული“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს. ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლით ხელისუფლება უცხოურ გავლენებს ებრძვის.