როდესაც ელჩი ყველასთან შეუთანხმებლად, ასე პირდაპირ ხვდება ახალგაზრდებს, ეს სცდება როგორც დიპლომატიურ ეთიკას, ასევე მის სტატუსს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკის ახალგაზრდებთან კახეთში შეხვედრებზე საუბრისას.
„გამომდინარე იქიდან, რა დავალებებსაც იგი იღებს იმ ორგანოდან, რომლის წარმომადგენელიც არის, სამწუხაროდ, მისი ქმედებები, ჩვენთვის კეთილსაიმედო ნამდვილად არ არის.
პირველ რიგში, ამ ადამიანმა კეთილი ინებოს და ერეკლე მეორეზე გააკეთოს განცხადებები და დაგმოს მათ მიერვე დაფინანსებული ადამიანების განცხადებები, რომლებიც აძაგებდნენ და შებღალავდნენ მეფე ერეკლეს სახელს, განსაკუთრებით კახეთში“, - განაცხადა გორდულაძემ.
ევროკავშირის ელჩი მეორე დღეა კახეთში ახალგაზრდებთან დახურულ შეხვედრებს მართავს. როგორც თავად განმარტავს, სასაუბრო თემა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებია.