გურიაში მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესებულია, აღარ თოვს, რაც აადვილებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური მისასვლელი გზები, მაგისტრალები დღეს, დღის ბოლომდე სრულად იქნება გაწმენდილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის" ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენი დღეიდან, მანამდე ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდებოდა ცუდი ხილვადობის გამო.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერტმფრენის გამოყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური მისასვლელი გზები, მაგისტრალები სრულად გაწმენდილი იქნება დღეს დღის ბოლოს. ჩვენ ასევე მისული ვართ ყველა სოფელთან და ვცდილობთ, ყველა სოფლის ცენტრში მივიდეთ. ძალიან ბევრ სოფელში, სოფლის ცენტრებში ეწყობა პატარა ბაზები, საიდანაც სურსათი და მედიკამენტები მოსახლეობას მიეწოდება. პროცესში ჩართული არიან სოფლის ექიმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მედიკამენტების გაცემას. ასევე აქტიურად გრძელდება გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.