გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრთა კაბინეტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები მიმოიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად საჭიროებებზე, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე, მათი დროულად და კიდევ უფრო ეფექტურად გადაჭრის გზებზე.
აღინიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების 80% თოვლისგან გაწმენდილია, რაც შეეხება კომუნალური სერვისების მიწოდებას, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გურიის რეგიონში დამატებით, კიდევ 5000-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ხოლო, ბუნებრივი აირით კიდევ 800-მდე აბონენტი მომარაგდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები თავდაცვის ძალებთან და შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
გურიის რეგიონში მოწყობილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 ლოკალური შტაბი, სადაც ხდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება.
მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება.