ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებსა და არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, აქაც არის პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური.
„მიუნხენის კონფერენცია გახსნა გერმანიის პრეზიდენტმა ბატონმა შტაინმაიერმა და ძალიან საინტერესო სიტყვა თქვა. ეს სიტყვა მან წარმოთქვა მანამ, სანამ ვენსი გამოვიდოდა, რადგან მათ მანამდე შეხვედრა ჰქონდათ. ის ნაწყენი ჩანდა ძალიან იმის გამო, რომ ამერიკისა და გერმანიის და ევროპის მსოფლმხედველობა აღარ ემთხვევა ერთმანეთს. ძალიან ბევრი ილაპარაკა ევროპაზე და იმ ერთობაზე, რომელიც ევროპამ აუცილებლად უნდა გამოამჟღავნოს და აუცილებლად უნდა დაანახოს ყველას“, - განაცხადა გორგილაძემ.
მისი თქმით, გერმანიაში ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა - გამოცხადდა 48 საათიანი სატრანსპორტო გაფიცვა, როდესაც არც ავტობუსი დადის, არც მეტრო. მუშები ხელფასის მომატებას ითხოვენ. ასეთი გაფიცვები იყო - ერთი გამაფრთხილებელი 24 საათიანი იყო, ახლა 48 საათიანია, თუმცა როგორც ამბობენ განსხვავება პროფკავშირების მოთხოვნასა და სატრანსპორტო კონცერნს შორის ძალიან დიდია.
„სხვათა შორის, ამას წინათ იყო ასევე გერმანიის რკინიგზის გაფიცვა, სადაც მოხდა 6%-იანი შეთანხმება. ფონი თავისთავად არ არის ძალიან სახარბიელო იმიტომ, რომ პრობლემები, რასაკვირველია, აქაც არსებობს ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში და ევროპაშიც. რაც შეეხება არჩევნებს - ამ წუთის მონაცემებით, 20%-ს 60 მილიონი ამომრჩევლიდან ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას“, - განაცხადა გორგილაძემ.
გორგილაძემ ასევე უკანონო მიგრაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისლამისტური ძალები ძალიან აგრესიულები არიან, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს უკურეაქციას გერმანიაში.
„ერთი მხრივ, ლაპარაკი არის უკანონო მიგრაციაზე, მეორე მხრივ, კი გერმანია ძალიან არის დაინტერესებული კვალიფიციური კადრების მიგრაციით, რადგან ის განიცდის ძალიან სერიოზულ დეფიციტს კვალიფიციური კადრებისა დაწყებული სულ დაბალი დონის სამუშაოებიდან და დამთავრებული ექიმებით და მეცნიერებით და ცდილობს, რომ მოიზიდოს ეს კადრები“, - აღნიშნა გორგილაძემ.