ნიკა გვარამია ამბობდა კვერცხის სროლა გამოხატვის თავისუფლებააო და დღეს რა შეიცვალა? გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების და სხვა ადამიანების, საჯარო პირების მიმართ. მათ რაც დათესეს ის მოიმკეს, სამწუხაროდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა - მოიკითხა თუ არა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხის სროლის ფაქტი და დაიწყო თუ არა გამოძიება.
„გუშინ გამოხატვის თავისუფლება იყო კვერცხის სროლა და დღეს გამოძიებაა დასაწყები? ნიკა გვარამია ამბობდა, თქვენი [მიმართავს ოპოზიციური არხის ჟურნალისტს] სულიერი ლიდერი და დღეს რა შეიცვალა? მე არასდროს მჯეროდა ამის. მე არ ვამბობ, რომ გამოხატვის
თავისუფლებაა კვერცხის სროლა და არც ვიტყვი. გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების და სხვა ადამიანების, საჯარო პირების მიმართ. მათ რაც დათესეს ის მოიმკეს, სამწუხაროდ. სიტყვა - სამწუხაროდ შემთხვევით არ მითქვამს. თქვენ რასაც დასთესთ იმას მოიმკით, სამწუხაროა ეს ოღონდ. მე კი არ ვამბობ კარგია-თქო. მე ვამბობ, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ თქვენთვის არის კარგი, დათესეთ და მოიმკეთ-მეთქი. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. რაღაც შეიძლება მორალურად ცუდი იყოს, მაგრამ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
მე, როგორც იურისტი ახლა გაგიწევთ კონსტიტუციას - დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, სხვა სახის დანაშაული არ არსებობს. სამართალდარღვევა თუ არის ამის კვალიფიკაციის მინიჭებას მე აქ არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ პოლიტიკოსი და როგორც იურისტმა მე ამაზე პასუხი რომ გაგცეთ ეს იქნება მითითება სამართალდამცავების მიმართ. მე რომ ვთქვა, რომ არაა სამართალდარღვევა, თქვენ იტყვით, რომ მიუთითა სამართალდამცავებს არ დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელიო. ამიტომ არ ვარ ამ შემთხვევაში იურისტი“, - განაცხადა მდინარაძემ.