ლევან მახაშვილი ტერიე ჰელანდის განცხადებაზე: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში

ლევან მახაშვილი ტერიე ჰელანდის განცხადებაზე: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩევლის ტერიე ჰელანდის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის დაკავშირებულია იმ ზეწოლაზე, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა და რომლის საერთო მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ ადამიანის განცხადება არ არის რაღაც განყენებულად ერთი განცხადება. რეალურად იგი არის ხმა იმ ძალისხმევის, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოზე ხორციელდებოდა, იმ ზეწოლის, რაც საქართველოზე ხორციელდებოდა და რომლის საერთო მიზანი იყო, რომ საქართველო ჩართულიყო ომის ფერხულში, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდებოდა. მათთვის არ მაქვს კარგი ამბავი ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში მათ ვერ შეძლეს საქართველოს შეთრევა ამ პროცესში. ჩვენდა საბედნიეროდ ახლაც ვერ შეძლებენ ამ პროცესში საქართველოს შეთრევას. ერთს ვისურვებდი მხოლოდ, რომ მსგავსი განცხადებები მაქსიმალურად შეწყვიტონ იმიტომ, რომ თითოეული ასეთი განცხადება აქ, საქართველოში იწვევს ხოლმე, როგორც წესი, დამატებით ესკალაციას, დამატებით რადიკალიზაციას, ამიტომ ყველა მოუფრთხილდეს, ყველა დაფიქრდეს თითოეულ ამ განცხადებაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად გადაითარგმნება იმაში, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში“, - განაცხადა მახაშვილმა.

ტერიე ჰელანდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ი აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი.