ლევან მახაშვილი: როდესაც ტრამპი საუბრობს, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, მახსენდება 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც იყო საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რათა აგვერიდებინა ომი უკრაინაში

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მან ამ თემაზე საუბროსას საქართველოს პარლამენტის მიერ სამი წლის წინ მიღებული რეზოლუცია გაიხსენა.

„როდესაც ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, უპირველეს ყოვლისა, მახსენდება ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი უკრაინაში. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ ტიპის მიდგომას, რომ მთავარი ფოკუსი უნდა იყოს მშვიდობა და არა საომარი მდგომარეობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე კიევის არმიწვევის გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა: „სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“.