„2025 წელი ძალიან საინტერესო იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კარგი მაკრო-ფისკალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის 100-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც თან ახლავს კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის მიმართვა საზოგადოებისთვის. მასში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში ბოლო წლების, მათ შორის 2024 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი წარმატებული მუშაობის მთავარი შედეგი, რაც თავისთავად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„2024 წელი წინა წლების მსგავსად წარმატებული იყო. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.5 %-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებიც. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, 2024 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით უპირობო ლიდერია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ამასთან, საქართველოს აქვს უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებს. ამავე პროგნოზების თანახმად, ასევე საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის მაკრო-ფისკალური მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა. კერძოდ, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის საქართველოს აქვს მთავრობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი და მე-7 ადგილზეა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით - მე-11 ადგილზე, ასევე, ევროკავშირის 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით მე-3 ადგილზეა, ხოლო მთავრობის ვალის თანაფარდობით მშპ-სთან - მე-5-ზე. 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა ხელი შეუწყო ქვეყნის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო შეფასებებში. არსებული შეფასებებით, 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის (Open Budget Index) მიხედვით, საქართველო 87 ქულით (100 ქულიდან) საბიუჯეტო გამჭვირვალობის მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს“,-აღნიშნულია კომიტეტის ანგარიშში.
რაც შეეხება სტატისტიკას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წელს ჩაატარა კომიტეტის 28 სხდომა, განიხილა 287 საკითხი, მათ შორის, 103 კანონპროექტი, 6 საბიუჯეტო განაცხადი, ასევე პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 13 სხვადასხვა სახის ანგარიში, 20 საერთაშორისო ხელშეკრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 18 ანგარიში, 110 რეკომენდაცია და 20 სხვადასხვა საკითხი.