არჩილ გორდულაძე - მუხლი, რითაც გამოძიება დაიწყო, ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის გავლენების ქვეშ არიან და საბოტაჟს ცდილობენ

არჩილ გორდულაძე - მუხლი, რითაც გამოძიება დაიწყო, ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის გავლენების ქვეშ არიან და საბოტაჟს ცდილობენ

მუხლი, რითაც გამოძიება არის დაწყებული, ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რომ ქვეყანაში ძალები და ადამიანები არსებობენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის თუ გავლენიანი წრეების გავლენების ქვეშ არიან, ქვეყნის საბოტაჟს ცდილობენ, როგორც ეკონომიკური ჩამოშლის, სუვერენიტეტის შელახვის თუ საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის დაზიანების მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი გამოძიების საგანი უნდა იყოს.

„მთავარია, ქვეყანაში საბოტაჟი არავის გაუვიდეს, რადგან თავმოყვარე ქვეყნის და თავმოყვარე ხალხის სამართალდამცავების ფუნქციაა, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ საბოტაჟი აღკვეთოს. საბოტაჟია, როცა ადამიანები კანონებსა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ფეხქვეშ თელავენ და ქვეყნის საწინააღმდგოდ ყველაფერს აკეთებენ. ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების ღალატს თავისუფლების სახელით ფუთავენ. მიხეილ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ და ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანებისთვის ღირსება აეყარა და გამეწარებინა. ეს შეფარული იყო იმით, რომ თითქოს, ეს იყო საუკეთესო გზა დემოკრატიის აყვავებისთვის. ზუსტად იგივე მცდელობა აქვთ გარედან მართულ ძალას. ამიტომ არიან ეს ადამიანები გავეშებულებულები და ცდილობენ, რომ არასამართლიან ქვეყანაში დაგვაბრუნონ, რომელიც ასე ჰქონდათ აშენებული“, – განაცხადა გორდულაძემ.

დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია: „საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.