ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, მაგრამ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გარეშეც საქართველო ვერ გადარჩება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, მაგრამ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გარეშეც საქართველო ვერ გადარჩება

ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, პრაგმატიზმის გარეშე საქართველო ვერ გადარჩება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ჩვენი ისტორიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ამ დრომდე არ აქვს. 

„როგორც აღვნიშნე, ოთხივე განსხვავებული ომი მოგვიწია და ამ ოთხივე სხვადასხვა ომში ჩართული იყო რუსული მხარე, რუსული სახელმწიფო. ამიტომაც გვაქვს ეს ფრთხილი პოლიტიკა, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ.

რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა ამ დრომდე არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური კავშირები, არც პოლიტიკური კონტაქტები, ამიტომ კომუნიკაციის ეს ნაწილი უბრალოდ უკიდურესად შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ეს სურათი ჩვენს ურთიერთობებში.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმართულებები იმ ურთიერთობებში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ეს ასევე იურიდიული საკითხია, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი საკითხიც. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და არც გვექნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.  მაგრამ ისევ გავიმეორებ, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას. პრაგმატიზმის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ გადარჩება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ჩვენი ისტორიიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.