2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ბევრს ვიბრძვით, რათა თავიდან ავიცილოთ ომი საქართველოში, ჩვენი მთავრობა, არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველომ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია სწორედ მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული.
"90-იანი წლებიდან საქართველოში ოთხი განსხვავებული ომი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა არის მშვიდობის რეალური ღირებულება. 2022 წელი უაღრესად რთული იყო საქართველოსთვის, რადგან იყო დიდი ინტერესი, რომ მეორე ფრონტის ხაზი ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო.
მაგრამ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და მოვახერხეთ ამ ქვეყანაში ომის თავიდან აცილება. ამიტომ, ჩვენი საარჩევნო კამპანიაც მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული.
ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს არჩევნებიც, 2024 წლის არჩევნები, იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზა და რომ "ქართულ ოცნებას" ამ მხრივ ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ოპოზიცია საზღვარგარეთ მოკავშირეებთან ერთად ფართოდ გვიბიძგებდა ომისკენ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებისა, რომ საქართველო მეორე ფრონტის ხაზი გამხდარიყო, ასეთი გზავნილები გვქონდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან და ა.შ. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასე რომ, მშვიდობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღესაც,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს, რომ უკრაინაში ომი მეტ-ნაკლებად მალე დასრულდება.
"როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში არსებული სიტუაციით. უკრაინელი ხალხი მეგობარი ერია, ქვეყანა მეგობარი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში შექმნილი ვითარებით. თავიდანვე, ჩვენი მთავრობა ამბობდა, 2021 წლიდან, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა კონცენტრირებულიყო უკრაინაში ომის თავიდან აცილებაზე, რაც შესაძლებელი იყო. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ, უკრაინაში ომი დაწყებულიყო. უკრაინელი ხალხი ძალიან იტანჯება. ეს არის მთავარი პრობლემა. ამდენი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ეკონომიკა განადგურებულია. უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა ასეთ შედეგებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმისტურად გვაფიქრებინებს, რომ ომი მეტ-ნაკლებად მალე დასრულდება,"- განაცხადა პრემიერმა.