ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში, უკრაინაში ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს უკრაინა მოიგებდა, მაგრამ მმართველ გუნდს ჰქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი.
„ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. თავიდანვე სხვადასხვა მხარე იყო. საქართველოში, მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ შეიძლება ჰყავდეს. ამიტომ, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე", - განაცხადა პრემიერმა.