დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გლობალურ ვაჭრობაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, სინოლოგმა, არჩილ კალანდიამ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა ტრანსკასპიურ ეკონომიკურ დერეფანში, ე.წ. შუა დერეფანში, მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში.
„ჩვენი საერთო ინტერესია, რომ საქართველომ ითამაშოს ერთ-ერთი მთავარი როლი არა მარტო საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში, არამედ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ეს აჩენს ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობას, რომ საქართველო რეგიონში (და რეგიონში უფრო დიდი გაგებითაც), იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ბაზრებთან წვდომის კუთხითაც.
მოგეხსენებათ, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაგვაჩნია როგორც ოფიციალურ პეკინთან, ასევე ევროკავშირთან. გარდა, ამისა, მთელი რიგი ხელშეკრულებები გაგვაჩნია, რაც დამატებით შესაძლებლობაა, საქართველოს სატრანზიტო, სავაჭრო, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტატუსის განმტკიცების კუთხით ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა კალანდიამ.
მისივე თქმით, ტრანსკასპიური ეკონომიკური დერეფნისა და სხვა პროექტების მეშვეობით შესაძლებელი გახდება, რომ არა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ელექტრო მატარებლები, საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, გაიგზავნოს ევროპაში, რითაც ისარგებლებს ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი.
„ასე, რომ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გლობალურ ვაჭრობაში“, - აღნიშნა კალანდიამ.