საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

ალექსანდრე წულაძემ მთავრობის მეთაურს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა  გააცნო და ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერმა და განათლების მინისტრმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში სწავლის  გაგრძელება მიულოცეს. ირაკლი კობახიძემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის − მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.

ამჟამად სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარე მოედნის მოწყობა, რომელიც თებერვლის დასაწყისში დასრულდება.

200 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 3 404 429.40  ლარს შეადგენს.