თეიმურაზ წიქვაძე: არავითარი კრიმინალური „სოჩიკები“ არავის აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა ბაჩიაშვილის წარმომადგენელს

თეიმურაზ წიქვაძე: არავითარი კრიმინალური „სოჩიკები“ არავის აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა ბაჩიაშვილის წარმომადგენელს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო დაზარალებულის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელმაც საქმის ფარგლებში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

პროკურატურისთვის დღევანდელმა ჩვენებებმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალეულობა დოკუმენტურად კიდევ ერთხელ დაადასტურა, თავად ბაჩიაშვილი კი ბრალს აბსურდს უწოდებს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ ისაუბრა იმ წერილთან დაკავშირებითაც, რომელიც მან ბაჩიაშვილის ადვოკატს მისწერა და ამას თავად ბაჩიაშვილმა მუქარის წერილი უწოდა.

წიქვაძე განმარტავს, რომ რეალურად ეს იყო მორიგების მცდელობა და ყველა შემთხვევაში, როდესაც მას და ბაჩიაშვილის ადვოკატს შორის კომუნიკაცია შედგა, ეს იყო ბრალდებული მხარის ინიციატივა.
მისივე თქმით მორიგებაში არაფერია ცუდი და ეს კარგი სასამართლო ბრალდებაა, რომელიც წესით ბრალდებულმაც უნდა იცოდეს.

„ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ შესაძლო მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება. პირიქით კარგია. ინიციატორი იყო, ამ შემთხვევაში წინა შეხვედრების რა თქმა უნდა ბრალდებული და მისი ადვოკატი და ვხვდებოდი. არც ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული და გასაკვირი. მათ ჰქონდათ გაჟღერებული პოზიცია, რომ რაღაც გარკვეულ პირობებზე თანახმა იყვნენ, ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი იყო და მერე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პოზიცია. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. არავითარი კრიმინალური „სოჩიკები“ არავის არ აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს „whatsapp“-ის მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას. ეჭვები გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა„მტკვარი ჰესს“ და აქედან გამომდინარე დაიბადა ეს ეჭვებიც. გამოვლინდა, რომ იმ ნაწილშიც ჩვენი ღრმა რწმენით ადგილი აქვს საკმაოდ დიდი თანხების გაფლანგვას და მითვისებას თუმცა ის საქმე ჩემთვის უცნობია რა ეტაპზეა და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ნაწილშიც მინდა განვმარტო, რომ ვერაფერს დეტალურს ვერ გეტყვით. მტკიცებულებების განხილვას ვერ მოვახდენ. პროცესი საჯაროა, მიმდინარეობს ჩაწერა“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.