ბაჩიაშვილმა ურჩია ჩემს მარწმუნებელს, მყისიერი რეალიზაცია განხორციელებულიყო მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა ამ კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ, ახლაც უცნობია ჩვენთვის, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
ადვოკატმა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა, დღევანდელ პროცესზე კითხვებს დეტალურად უპასუხა.
„დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ საინვესტიციო თანხა გამოყო ჩემმა მარწმუნებელმა მის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და გაიცა საბანკო კრედიტის თანხა. პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა განახორციელა ჩემმა მარწმუნებელმა მისი პირადი ფულადი სახსრებით. პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ჩემი მარწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აიღო რაიმე რისკი აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.
კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის, რა ურთიერთობა ჰქონდა ბაჩიაშვილს დაზარალებულთან, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია.
„ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო ფაქტობრივად”, - აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.
კითხვაზე, რა უნდა ყოფილიყო სარგებელი, ადვოკატმა განაცხადა: „ამ ხუთი მილიონი ამერიკული დოლარით გამომუშავებული ბიტკოინები”.
„განხორციელდა ინვესტიცია, ჩემს მარწმუნებელს დაუდასტურეს, რომ თანხები აისახა „მიშენ გეითის“ ანგარიშზე. ა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბატონმა ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა და უთხრა, რომ გარკვეული არასტაბილური ვითარება იყო ამ კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ურჩია ჩემს მარწმუნებელს, რომ მყისიერი რეალიზაცია განხორციელებულიყო ამ მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა ამ კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ, ახლაც უცნობია ჩვენთვის.
ბრალდებულის მხრიდან გაჟღერდა ასეთი პოზიცია, რომ მას არ ახსოვს, რამდენი ბიტკოინი დასჭირდა ვალდებულების დაფარვას, რამდენი ბიტკოინი დარჩა ვალდებულების დაფარვის შემდგომ და როდის აცნობა ამის შესახებ ჩემს მარწმუნებელს”, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.
კითხვაზე, გაჩნდა თუ არა ეჭვი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით დაზარალებულის მხრიდან, როდის და რა გარემოებებს უკავშირდებოდა ეს, ადვოკატმა უპასუხა: „ეს თავდაპირველად დაუკავშირდა „მტკვარი-ჰესთან“ დაკავშირებულ პროცესებს”,