თამარ ჩიბურდანიძე: მიგრაციული პოლიტიკა ხდება ერთ-ერთი წამყვანი  ამერიკის და ევროპული სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუმცა, უკვე დაგვიანებით. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაც

თამარ ჩიბურდანიძე: მიგრაციული პოლიტიკა ხდება ერთ-ერთი წამყვანი  ამერიკის და ევროპული სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუმცა, უკვე დაგვიანებით. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაც

„ევროპისა და ამერიკის ბრძოლა არსებული მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ არ გამომდინარეობს მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისიდან. აქ წინა პლანზე გამოდის სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების საკითხები“- წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მიგრაციული პოლიტიკა ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს და ამ პრობლემაზე ღიად საუბრობს ევროპაც და ამერიკაც.

ექსპერტს მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეების მაგალითად საფრანგეთის არჩევნები მოჰყავს, სადაც ქვეყნის ბედი საფრანგეთში იმიგრირებულმა მუსლიმმა მოსახლეობამ გადაწყვიტა. ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ შესაძლებელია საქართველოც დადგეს ამ პრობლემის წინაშე, თუკი ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს. მისი თქმით, ქვეყანაში მსხვილი პროექტების განხორციელების შემდეგ, საქართველო მეტად მომხიბვლელი გახდება უცხოელებისთვის, რაც კარგია, თუმცა მოსახლეობა დემოგრაფიულ პრობლემებს განიცდის და ამ პრობლემის გადაჭრამდე, იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხის  შემცველია.

“დღეს მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას და ამას სწორად აანალიზებენ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპულ სახელმწიფოებში. თუკი წინა პერიოდი მიგრაციას იყენებდნენ ლიბერალური პოლიტიკის გამოვლინებად, დღეს ის სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ამაზე ღიად მიუთითებდნენ კონსერვატორები მთელი ამ წლების განმავლობაში. მათ მიმართ პასუხი კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლებოდა - ფაშისტები! რეალურად კი მივიღეთ ლიბერალური ფაშიზმი.

რატომ არის საფრთხის შემცველი იმიგრაცია ქვეყნებისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე კარგად საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო არჩევნებმა გასცა, სადაც ქვეყნის ბედი გადაწყვიტეს იმიგრირებულმა მუსლიმმა მოქალაქეებმა. რა თქმა უნდა, ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ არა აბორიგენი და არა ფრანგული ისტორიული კულტურის  წარმომადგენლები. ანუ, ეთნიკური ფრანგი ერის უმრავლესობას არ მიეცა საშუალება საკუთარი ბედის განსაზღვრის. 

როდესაც ამაზე მივუთითებდით, გვახსენებდნენ, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ამაზე საუბარი არ შეიძლებოდა. დღეს კი, არასწორი მიგრაციული პოლიტიკა იმდენად საფრთხისშემცველი გახდა სახელმწიფოებისთვის, ამერიკაც და ევროპაც ამის წინააღმდეგ უკვე ღიად აცხადებენ. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათი ბრძოლა არსებული მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ არ გამომდინარეობს მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისიდან. აქ წინა პლანზე გამოდის სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. 

საქართველოც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მალე, თუკი შესაბამისი ზომები არ მივიღეთ. როგორც უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, ანაკლიის პორტის აშენების და სხვა მსხვილი პროექტების განხორციელების შემდეგ, საქართველო უახლოეს 10 წელიწადში ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა იქნება და ამით მომხიბვლელი გახდება უცხოელებისთვის. მითუმეტეს, სტაბილურობის ფონზე. ეს ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა მძიმე დემოგრაფიულ პრობლემებს განიცდის. ამ შემთხვევაში, სანამ არ მოხდება ერთი დემოგრაფიული თაობის ზრდა მაინც, იმიგრაცია ჩვენთვისაც დიდი საფრთხე იქნება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 11 წელია სახელმწიფო დემოგრაფიულ პოლიტიკას სისტემურად ახორციელებს, წინა საუკუნის ბოლო ათწლეულიდან გამომდინარე, პრობლემა ჯერ კიდევ დიდია. 

ვიმედოვნებთ, ახლანდელი და წლების  შემდგომი ხელისუფლებაც გაითვალისწინებს არსებულ რისკებს და მიგრაციული პოლიტიკა ბევრად უფრო პრიორიტეტული გახდება ჩვენთვის, ვიდრე ეს მოხდა დაგვიანებით ამერიკა-ევროპაში. ამ სახელმწიფოებში უკვე მიგრაციული კრიზისიდან თავის დაღწევა შეუძლებელია. ამ პროცესების ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება შიდა კონფლიქტები, ან არადა, მოუწევთ არსებულ რეალობაში ცხოვრება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.