ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს და სწრაფი მოქმედება ექნება - წერს BBC-ი.
მეცნიერების განცხადებით, ახალი მეთოდი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი სიმსივნის სახეობას ებრძოლონ ნაკლები გვერდითი მოვლენების განვითარებით, რაც ჩვეულებრივი რადიოთერაპიის დროს შეუძლებელია.
„არის იმედი, რომ ამ მოწყობილობების საშუალებით ტვინის სიმსივნის რთული ფორმების განკურნება იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია სტატიაში.
ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც მეცნიერები ადრონული კოლაიდერის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში. დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.
CERN-ის მთავარ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს "ღმერთის ნაწილაკად" წოდებული ჰიგსის ბოზონი. ეს ელემენტარული ნაწილაკია, რომელიც გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის, თუმცა ბოლო წლებში CERN-ს ინტერესის ახალი ობიექტი აქვს - რადიოთერაპია, რომელსაც სიმსივნის მკურნალობის დროს იყენებენ.