მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე:  როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე: როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია

ჯერ ერთი მან უნდა თქვას, რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს, იმიტომ, რომ აქ უკვე ერთი არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა. „გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, -  განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებს აფინანსებს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში ედება ბრალი და როგორც ჩანს, ამ ფულით გადაწყვიტა მან ივანიშვილის, მმართველი გუნდისა და საქართველოს წინააღმდეგ აქციები დააფინანსოს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილი აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის გარედან საპროტესტო აქციებისთვის დიდი რესურსი იხარჯება.
 
„რამდენადაც ირონიულად არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, თუმცა, იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, იმიტომ, რომ ვიცით, გარედან არამხოლოდ სხვა სახის, არამედ ძალიან დიდი თანხობრივი  რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ თითქოს იქ თვითორგანიზებით დადიან.“ -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.