ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე პარტიაა, რომელიც გამოვიდა იქიდან და ჯამში 20% აიღო, მაგრამ ყველა ის პარტია, რომელიც მათ გვერდით დგას არის ჩემთვის იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
რუხაძის თქმით, მისთვის „გირჩი" და იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობა" არ არის.
„ჩემთვის მამუკა ხაზარაძეც არ იქნებოდა [„ნაციონალური მოძრაობა“], მე და მამუკა პარტნიორები ვართ ბორჯომიდან, ბადრი ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელია ჯაფარიძე. არც მამუკა და არც ბადრი შეიძლება არ ყოფილიყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის, მაგრამ გახდნენ იმიტომ, რომ ჯერ გვერდზე დაუდგნენ, მე მგონი უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. არ ვიცი, მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემგან მაინცდამაინც არ ესწავლებათ ეს, მაგრამ მე მგონი საერთოდ არ უნდა წასულიყვნენ იქეთ და ის ნიშა, რომელიც ახლაც არსებობს, უნდა დაეკავებინათ - არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“. გავარდნენ პირველივე დღეს და დასხდნენ იქ, მაგრამ ეგ არ იყო მთავარი. მთავარი იყო, როცა რაღაც მომენტიდან და ეს კაი ხანია უკვე, თითქმის წელზე მეტია „ლელო“ ამბობს, რომ მე არ შევკრავ კოალიციას „ოცნებასთან“, ის არ ამბობდა, რომ მე შევკრავ კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ მე მათემატიკა ძალიან კარგად ვიცი, ყოველ შემთხვევაში არითმეტიკა, ასამდე თვლა და როდესაც ადამიანი, ჯგუფი ამბობს, რომ მე არ შევკრავ კოალიციას „ოცნებასთან“ - ეს ნიშნავს, რომ მე მხოლოდ შევკრავ კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს ნიშნავს, რომ მე მინდა, რომ მათ წააგონ ერთად, როგორც ჯგუფმა“, - განაცხადა რუხაძემ.