„აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა? უნდა გვყოლოდა! ერთი-ორი ტრამპი აქამდე უსათუოდ უნდა გვყოლოდა! მე ყოველთვის ვამბობდი - ერთი-ორი ტრამპი გვჭირდება-მეთქი! ხომ ვამბობდი?!" - აი, დაახლოებით ამას ველოდებით მედია-ინდაურებისაგან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ კონსერვატიულ პოზიციას ეხმაურება.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც აქამდე რადიკალურ ლიბერალურ იდეოლოგიას ატარებდნენ, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გამო შეხედულებებს მკვეთრად შეიცვლიან.
„ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის" ხელმძღვანელებისაგან. ველოდებით ლესბოსელების ძალით გათხოვებისა და გეებისთვის ძალით ცოლების მოყვანის საინტერესო პროცესებს. ველოდებით კაპიტან გიგაურის და „პროსტა" ლომჯარიას მადლობის წერილს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე დაფინანსების შეწყვეტის გამო: „აქამდე სად იყავით?! რატომ ჩამოგვაყალიბეთ მონსტრებად თქვენი სინედრიონის სისხლიანი ვერცხლებით?!". ველოდებით ნაცების საპროტესტო აქციებს „ფონდ ღია საზოგადოების" ოფისთან, პლაკატებით - „ძირს სოროსი!". კიდევ ბევრ რამეს მოვესწრებით. როდესაც შენში ნამუსი ერთხელ გაქვს მოკლული, ის ნიახური არაა - კიდევ ერთხელ აღმოცენდეს. როდესაც პრინციპებს ერთხელ მაინც უღალატებ - კუზანოვის კლინიკაში მათ ვერ აღიდგენ. როდესაც სულს მიჰყიდი ლუციფერს - ლომბარდი არაა, უკან გამოიტანო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.