ბაჩიაშვილი, რომელიც ცნობილია ბიძინა ივანიშვილის ქონების სავარაუდო მიტაცებით, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს ოპოზიციურ ფლანგზე, აფინანსებს სავარაუდოდ, მათ შორის იმ სანქციებს, რომელიც ტარდება ოპოზიციის ორგანიზებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას გამოეხმაურა.
„განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ეს სწორედ 29 აპრილის პოლიტიკური განცხადების შემდეგ, როდესაც პირდაპირ მიუთითა ბანკმა, რომ უნდა დაეხურათ ანგარიშები სწორედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა პოლიტიკური განცხადებები. ცალკე განხილვის საკითხია ის, რომ ბანკი საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით თანამშრომლობს ევროპოლთან და უარს ეუბნება საქართველოს შესაბამის ორგანოებს ბაჩიაშვილის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს ერთი შეხედვით ორი სხვადასხვა რამ არის, თუმცა ორივე თემა დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და წარმოიდგინეთ, ბანკი არ აძლევს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას სწორედ იმის გამო, რომ ბაჩიაშვილი ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებში. ბაჩიაშვილი, რომელიც ცნობილია ბიძინა ივანიშვილის ქონების სავარაუდო მიტაცებით, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს ოპოზიციურ ფლანგზე, აფინანსებს სავარაუდოდ, მათ შორის იმ სანქციებს, რომელიც ტარდება ოპოზიციის ორგანიზებით“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.