საქართველოში ოპოზიციას კარგი დღე არ უდგას, რადგან ყველაფერი, რაც „ქართული ოცნების“ მიერ გამოითქვა, ასევე გამოითქვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ტრამპის გზავნილები არ იქნებოდა სასიამოვნო მოსასმენი, რადგან რადიკალები იაზრებენ, რომ მათი სურვილები, საქართველოსთან მიმართებით, არ ესადაგება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის რიტორიკას და გეგმებს.
„ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის არის მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. კარგად გაიხსენოს და დაძაბოს გონება ოპოზიციამ, პარალელი გაავლოს, თუ იპოვის კანონს საქართველოში, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს. მშვიდობის პოლიტიკას ჩვენ გვიწუნებდნენ და ერჩივნათ, ბომბების წვიმა წამოსულიყო საქართველოს თავზე. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს ძალები სწორედ გლობალური ომის პარტიის, იმის მსურველთა მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მათ საქმეს აკეთებდნენ, რასაც საქართველო არ ჩაჰყვა. ტრამპი მოწოდებულია, რომ უკრაინაში ომი მალევე შეაჩეროს და ზოგადად მსოფლიოში არსებული დაპირისპირება შეწყვიტოს. ყველა დანარჩენი გზავნილიც არ იქნებოდა სასიამოვნო მოსასმენი ოპოზიციისთვის, რადგან რადიკალები იაზრებენ, რომ მათი სურვილები, საქართველოსთან მიმართებით, არ ესადაგება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის რიტორიკას და მის გეგმებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.