გივი მიქანაძე - ცალსახაა, რომ დონალდ ტრამპის გზავნილები წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებით ნაწილთან, რასაც ლიბერალური ფაშიზმის გამტარებელი რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ახორციელებს

გივი მიქანაძე - ცალსახაა, რომ დონალდ ტრამპის გზავნილები წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებით ნაწილთან, რასაც ლიბერალური ფაშიზმის გამტარებელი რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ახორციელებს

ტრამპმა გამოსვლაში კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა ის ღირებულებები, რომელზეც ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ აცხადებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ღირებულებითი ნაწილი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციას აქვს, სრულად თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით ახორციელებს.

„ამ კონტექსტში, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებით ნაწილთან, რაზეც ტრამპმა აქცენტირება არაერთხელ გააკეთა. განსაკუთრებით საინაუგურაციო გამოსვლაში, მან ცალსახად თქვა, რომ ორი სქესია, ქალი და კაცი. შესაბამისად, არანაირი ერთსქესიანთა ქორწინება, სქესის გადაკეთება და ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის პროცედურები მისი პრეზიდენტობის დროს არ განხორციელდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ტრამპმა ათეულობით აქტს მოაწერა ხელი და ერთ-ერთი სწორედ ის დაპირება იყო, რომელიც „დიფ სთეითთან“ ბრძოლას ეხება.

„ესეც პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, რომ ეს არის ვითომ მოგონილი თემა, რეალურად ტრამპმა კიდევ ერთხელ უკვე პრეზიდენტის პოზიციიდან დააფიქსირა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული კომპონენტია მშვიდობის პოლიტიკის გატარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულება არის ის, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერით ძალიან ბევრი ღირებულებითი თანხვედრა აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ეს რეალობაში ასეც არის. ცალსახაა, რომ ტრამპის გზავნილები წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებით და შეხედულებით ნაწილთან, რასაც ლიბერალური ფაშიზმის გამტარებელი რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ოპოზიციას ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს ადამიანებს, რომლებსაც პრინციპები აქვთ დაკარგული, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ტრამპს რუსულ პროექტად აცხადებდნენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. ადამიანები, რომლებიც ტრამპს შეურაცხყოფითი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, ეს არავის არ დაავიწყდება. დარწმუნებული ვართ, ეს ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციასაც აქვს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და სალომე ზურაბიშვილი როგორ აფასებდნენ მის პიროვნებას და მოღვაწეობას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.