კახა კალაძე ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ - თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობს, საკუთარ თავზე იფიქროთ

კახა კალაძე ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ - თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობს, საკუთარ თავზე იფიქროთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერანაირი სანქცია და შანტაჟი ვერ შეაშინებს, როცა საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.

ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული შესაძლო სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ სანქციებითა და შანტაჟით ვერავინ შეგვაშინებს. როდესაც საუბარია ქვეყანაზე და მის ინტერესზე, რა არის სანქციებით მუქარისა და შანტაჟის მამოძრავებელი ძალა? რატომ აკეთებენ ამას? ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი: ერთი ის, რომ ქვეყანა არ დავთმეთ, არ ჩავრთეთ ომში, არ გავხსენით მეორე ფრონტი, მიუხედავად იმისა, ამის პირდაპირი მოწოდებები იყო კაბინეტებში, კონკრეტული ელჩების მხრიდან. ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, დავასახელო სახელები და გვარები. თურმე იმის გამო, რომ ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდა, ეს ყოფილა დანაშაული; თურმე როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, რითაც დავაზიანებდით საკუთარ ქვეყანას, ჩამოვშლიდით ეკონომიკას და გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს. პირდაპირ რეზოლუციაშიც ჩაგვიწერეს ეს. ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადავდგით. შესაბამისად, ვერც სანქციებით დაგვაშინებენ და ვერც შანტაჟით. ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას და მის ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უმძიმესი მდგომარეობა აქვთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ. ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობს, საკუთარ თავზე იფიქროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უმძიმესი მდგომარეობა გაქვთ. დღეს რადიკალების სახით, ვხედავთ „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ, გაჩანაგებულ ოპოზიციას და საკუთარ თავზე იფიქრეთ. ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის ინტერესებს რაც შეეხება, ჩვენ აუცილებლად მივხედავთ ქვეყანას და გავამაგრებთ მის მომავალს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.