პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის ბაქოში ვიზიტს „ქრონიკასთან“ აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანგურიძე. მისი თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრები და ვიზიტები კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს და გაზრდის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს.
„ასეთი ტიპის ვიზიტები, ქართულ კომპანიებს კიდევ უფრო მეტად მისცემს შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანში დამკვიდრდნენ და გააფართოონ მათი ეკონომიკური საქმიანობა. ბოლოს, საგარეო სტატისტიკა რომ ნახოთ აზერბაიჯანთან მიმართებაში, საკმაოდ დიდია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის წილი, ანუ ყოველ წლიურად მზარდია და ესეც იმაზე მეტყველებს, რომ არა მარტო აზერბაიჯანის ინვესტორები და პროდუქცია შემოდის საქართველოში, არამედ პირიქით - ქართული პროდუქციაც გადის და ქართველი ინვესტორებიც ინტერესდებიან აზერბაიჯანული ეკონომიკით“, - აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.