Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის დოკუმენტის გამოქვეყნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი შეფასება ჰქონდა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9%-ით განისაზღვრა, რაც მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე უფრო მაღალი შეფასებაა.
„განსაკუთრებულად მაღალი შეფასება ჰქონდა 2020-2024 წელს მსოფლიო ბანკის მხრიდან და საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9%-ით განისაზღვრა, რაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის მასშტაბით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მასშტაბით და ჩვენი ყველა მეზობლის მასშტაბით ყველაზე უფრო მაღალი შეფასება. რიგ შემთხვევაში 3-3,5-ჯერ აღემატება შესადარი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. უცხოელი ინვესტორებისთვის პირველი რიგი სახელმძღვანელო იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რასაც ჰქვია ქვეყანაში შესვლა, არის სწორედ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები და როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, როგორც წინა წლების, ისე პერსპექტივის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის მაღალი, პოზიტიური, ამ შემთხვევაში ინვესტორები, ყოველთვის იღებენ ქვეყნისადმი სასარგებლო გადაწყვეტილებას, ანუ ისინი ადვილად შემოდიან ქვეყანაში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით, საქართველო საერთაშორისო სივრცეში ლიდერ პოზიციებზეა. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6% უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის დოკუმენტი გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება.