პროკურატურის ეს გამოძიებაცა და შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ არსებობს.
„როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების კანონიერებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ ისმის. რასაკვირველია, ამიტომ, პროკურატურის ეს გამოძიებაცა და შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.