თითქმის სამი თვეა, რაც არჩევნები დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება. მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა ვერც საზოგადოებისთვის და ვერც გამოძიებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის განცხადებით, ასევე ოპოზიციამ გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარუდგინა დასავლელ პარტნიორებს.
„ეუთო/ოდირის დასკვნაში სწორედ ის შეფასებები მოხვდა, რაც ობიექტური და სამართლიანი იყო და არა ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ. ჯერ კიდევ ეუთო/ოდირის დასკვნამ სრულად გააცამტვერა მათი პრეტენზიები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას პროკურატურასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ ითანამშრომლეს და არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, პროკურატურამ მაინც გამოძიების ფარგლებში ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ იგივე ვერიფიკაციის აპარატები უზრუნველყოფდა პრინციპს „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“. ხმის დამთვლელი აპარატი უზრუნველყოფდა სწრაფად წინასწარი შედეგების მიღებას და ყველა საარჩევნო უბანზე, როდესაც ხელით დაითვალა ბიულეტენები, ერთი ერთზე დაემთხვა წინასწარ შედეგებს, რაც აპარატებიდან იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რა არის მათი დამარცხების მიზეზი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, რა არის მათი დამარცხების მიზეზი. არა ის, რომ, სავარაუდოდ, არჩევნები გაყალბდა, არამედ ის, რომ ასე გადაწყვიტა მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება საკითხს, გააგრძელებს თუ არა ამაზე საუბარს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებითაც საუბარი იყო ამ საკითხებზე, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შემდეგ პარლამენტშიც შემოვიდნენ და ხელფასებიც აიღეს. ახლა რამდენად მოხდება იმავე სცენარის გამეორება, ვერ გეტყვით. ეუთო/ოდირის დასკვნის და პროკურატურის შუალედური ანგარიშის შემდეგ ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი, ისაუბროს იმაზე, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.