ლევან მაჭავარიანი „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: კადრებში ვიხილეთ, რომ ხელს ურტყამს პოლიციელს, ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება

ლევან მაჭავარიანი „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: კადრებში ვიხილეთ, რომ ხელს ურტყამს პოლიციელს, ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება

რაც პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, ხელს ურტყამს პოლიციელს და ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა გუშინ, ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ბათუმელების“ დამფუძნებელი პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს შეეფერება. ასეთი აქტი რომ განეხორციელებინა ამ ქალბატონს აშშ-ში, საფრანგეთში, ან ბრიტანეთში, პირდაპირ ეთერში ვიხილავდით, როგორი რეაგირება მოჰყვებოდა ამას პოლიციის მხრიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს. ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.