არჩილ გორდულაძე: პოლიციელზე თავდასხმა არ მართლდება, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს სამართალდამცველებს

არჩილ გორდულაძე: პოლიციელზე თავდასხმა არ მართლდება, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს სამართალდამცველებს

კიდევ კარგი, რომ არსებობს კადრები და ყველამ კარგად იხილა, თუ როგორ ესხმის თავს კონკრეტული ქალბატონი პოლიციის მაღალჩინოსანს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რითაც გამოეხმაურა გუშინ, ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ბათუმელების“ დამფუძნებელი პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

მისი თქმით, პოლიციელზე თავდასხმა გაუმართლებელია.

„ეს კადრები რომ არ არსებობდეს, ისინი შეეცდებოდნენ, რომ ისევ და ისევ მარტივად „გაეპრავებინათ“ თავიანთი ნამოქმედარი, ისევ ტყუილში ეცხოვრებინათ თავიანთი „ბაბლი“. ახლა მთელი „ბაბლი“ არის გადასული ამ ყველაფრის გამართლებაზე. პოლიციელზე თავდასხმა არ მართლდება, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც მათ შორის ამ ადამიანების უსაფრთხოებაზეც არიან პასუხისმგებლები“, - აღნიშნა გორდულაძემ.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს. ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.