გორდულაძე გახარიას განცხადებაზე: ეს განცხადება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო არ არის, ეს არის იმ ორგანიზაციის საწინააღმდეგო, რომელსაც პია კაუმა ხელმძღვანელობს - ყოველთვის ებრძვიან იმ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს

გორდულაძე გახარიას განცხადებაზე: ეს განცხადება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო არ არის, ეს არის იმ ორგანიზაციის საწინააღმდეგო, რომელსაც პია კაუმა ხელმძღვანელობს - ყოველთვის ებრძვიან იმ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს

არჩილ გორდულაძე „დღის ქრონიკაში“ გიორგი გახარიას განცხადებას აფასებს, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხება. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გახარია ამ განცხადებით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ეუთო/ოდირის დასკვნა ფულის გადახდის შედეგად არის დაწერილი.

„გახარიას განცხადება საერთოდ არ მიემართება მმართველ გუნდს და მმართველი გუნდის საწინააღმდეგო არ არის. ეს არის იმ ორგანიზაციის საწინააღმდეგო, რომელსაც ქალბატონი პია კაუმა ხელმძღვანელობს. გახარია, თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ თურმე მოსყიდულები არიან, თურმე მათი მოსყიდვა შეიძლება და თურმე სიმართლის თქმა და ფულის გადახდა ერთმანეთს უდრის. გიორგი გახარია ზუსტად ამას ცდილობს, რომ როგორმე წარმოაჩინოს, რომ თითქოს ეუთო/ოდირის დასკვნა ფულის გადახდის შედეგად არის დაწერილი. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყოველთვის ებრძვიან ყველა იმ ორგანიზაციას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამას კი წინ, როგორც ქვეყნის შიგნიდან რადიკალების, ისევე მათი უცხოელი მოკავშირეების მხრიდან საჯარო მოწოდებები უძღოდა.

მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას, - განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ.