ლუსტრირებაა საჭირო იმ დანაშაულების, რომლებიც 2003-2009 წლებში იყო ჩადენილი. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და დოკუმენტურად გარეთ გამოტანილი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.
„მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს გამჟღავნებული და საზოგადოებისთვის ცნობილი ის დანაშაულები, რომლებიც 2003-2009 წლებში იყო ჩადენილი. იქნება ეს კერძო საკუთრების წინააღმდეგ, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, თუ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომლის კულმინაციაც იყო საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. ამის შემდეგ, როდესაც არ აგეს ამ ადამიანებმა პასუხი, განაწილდნენ სხვადასხვა პარტიაში და დღესაც ცდილობენ რეალურად ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ადამიანების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა გაუარესდეს და მათ მიაჩნიათ, რომ მერე ეს ადამიანები მათ გვერდით დაუდგებიან, რომ ხელისუფლება დაამხონ. ის კი არა, რომ ქვეყნისთვის რამე მოითხოვონ, პირიქით, ისინი ითხოვენ დასავლეთისგან, რომ მაქსიმალურად იზოლაციაში მოაქციონ ეს ქვეყანა და დაეხმარონ ქვეყნის ჩამოშლაში და მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მერე ჩვენ მოვალთ და ჩვენ ავაშენებთ ამასო. აი, ამ ყველაფრის ლუსტრირებაა საჭირო და ამ ყველაფრის დოკუმენტურად გარეთ გამოტანა და გამოძიება“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მმართველი გუნდის ინიციატივას იწონებენ, თუმცა, ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივი მოძრაობა საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამზადებს, რომელსაც გენერალურ პროკურატურაში შეიტანენ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.