კომისია იმუშავებს სრულ სპექტრზე ინფორმაციის ანალიზისა. იქ, სადაც საქმე გვექნება სისხლის სამართლის დანაშაულთან კონკრეტული პირებისა, ეს ნაწილი გადაეგზავნება პროკურატურას. ამას მოითხოვს კანონი. ხოლო დანარჩენი ნაწილი, რაც პოლიტიკური შეფასების ნაწილი იქნება, რაც შეიძლება მომავალში გამოყენებული იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, იმის მიხედვით თუ რა მასალა შეგროვდება შემდგომში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს სიახლე არ არის და „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით დაპირება ჯერ კიდევ არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა.
„კომისია შეზღუდული არ არის, ის იმუშავებს მთელს ინფორმაციაზე და მოხდება ამ ინფორმაციის ანალიზი, დამუშავება და ორივე მიმართულებით, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიმართულებით იქნება გადადგმული შემდგომი ნაბიჯები.
ეს სიახლე არ არის. ამას ჩვენ არჩევნებამდე ვაცხადებდით. ეს ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით და ჩვენ მოგვცა უმრავლესობამ ხმა. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ კომისიის მუშაობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი, რაშიც ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა. ასე, რომ ამ საკითხში მარტო არ ვართ!“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.