საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის შესახებ ოპოზიციის განცხადებები შეაფასა. კერძოდ, ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დანაშაულების გადასაფარად სჭირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარდა თავში არავის მოუვა ასეთი აბსურდის გაჟღერება, რამეთუ არათუ რაიმე ფორმით გადაფარვის, არამედ კონკრეტული მოცემულობის გასარკვევად და საზოგადოებისთვის, მისივე დაკვეთის შესასრულებლად ხორციელდება იმ დანაპირების აღსრულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გასცა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.