საზოგადოება „ქართული“: არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია ანუ „დიფ სთეითი“, ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცის

საზოგადოება „ქართული“: არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია ანუ „დიფ სთეითი“, ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცის

არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“, ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.

,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელმა განცხადებამ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთხელ გახსნა ღია დისკუსია გლობალური ომის პარტიის არსებობასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიცია, ექსპერტების ნაწილი და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები მას ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებით გამოგონილ ე.წ. შეთქმულების თეორიად და რუსულ ნარატივად ნათლავენ. არადა, დასავლურ და ამერიკულ ექსპერტულ წრეებში ომის პარტია დიდი ხანია მიიჩნევა ახალი მსოფლიოს წესრიგის განმსაზღვრელ ტრანსნაციონალურ ჯგუფად, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე.

პოლიტიკურ დებატებში ჭეშმარიტება ხშირად იკარგება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას. რაც არ უნდა ამტკიცოს ან ერთმა,ან მეორე მხარემ, თავისთავად ე.წ. გლობალური ომის პარტია ან არის ან არა, მესამე არ არსებობს. სიმართლის დასადგენად ყველაზე უპრიანია, მივმართოთ იმათ, ვინც ყველაზე უკეთ ერკვევა ამ თემაში ანუ აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.

ტერმინი ,,ომის პარტია“ (War Party) ერთმნიშვნელოვნად არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში და წარმოადგენს მეტაფორას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყენებს აშშ ორივე პარტიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მთელ მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციებს უჭერენ მხარს.

სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გავლენების საფრთხეებზე ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერმა, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტმა ილაპარაკა 1961 წლის 17 იანვარს თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში:

„ამერიკული სამხედრო დაწესებულებების შემდგომი განვითარების საჭიროებით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და თავიდან ავიცილოთ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაუდევარი გავლენის შესაძლებლობა. მთავრობის ყველა ოფისში, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა არ დავუშვათ, რომ ამ კომბინაციით საფრთხე შეექმნას ჩვენს თავისუფლებას ან დემოკრატიულ პროცესს.“

ანალოგიური იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გაფრთხილება, რომელიც მან 1961 წლის 27 აპრილის გამოსვლაში დააფიქსირა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით მთელ მსოფლიოში მონოლითურ და დაუნდობელ შეთქმულებას, რომელიც იყენებს დაფარულ მეთოდებს გავლენის გასავრცელებლად... ეს არის სისტემა, რომელმაც გააერთიანა უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსები ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს აერთიანებს.“ თემა აქტუალურია დღესაც, რაზეც მეტყველებს არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის განცხადება.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45 და 47-ე პრეზიდენტი: „ორივე მხარე ვაშინგტონში (დემოკრატები და რესპუბლიკელები) აერთიანებს ომის პარტიის ელემენტებს, რომელთაც სურთ, რომ დავრჩეთ უსასრულო ომებში.“

რონ პოლი, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და 2008 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი: „ომის პარტია ვაშინგტონში ყოველთვის შეეცდება სამხედრო კონფლიქტის დაწყებას. მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს.“

ბერნი სანდერსი, დემოკრატი სენატორი და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი: „დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ორივე იდგა უსასრულო ომების უკან“.

ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი: „ე. წ. ომის პარტიის ძალაუფლება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ელიტების ინტერესებს ემსახურება და ამერიკული მოსახლეობა ჩართულია კონფლიქტებში, რომლებიც მისთვის არ არის სასარგებლო“.

კრისტოფერ ჰიჩენსი, ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი: „ომის პარტიის ლიდერები ხშირად იყენებენ შიშის ნარატივს, რათა გამართლება მისცენ ომის პროვოცირებას, მაგრამ სინამდვილეში, მათი მიზანი სხვა ძალების გავლენის გაძლიერებაა, რასაც განგაშის მუდმივად შექმნის ხარჯზე ახორციელებენ“ ომის პარტიის ტერმინს ორგანულად უკავშირდება ტერმინი „Deep state“ (ღრმა სახელმწიფო). ამერიკულ პოლიტიკაში მასში გულისხმობენ არაფორმალურ, ფარულ ქსელს, რომელიც მმართველ სტრუქტურებზე არჩეული ხელისუფლების კონტროლის მიღმა ახდენს გავლენას.

აშშ-ში ტერმინი „დიფ სთეითი“ პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა ამ ტერმინს იმის აღსანიშნავად, რომ გარკვეული, სისტემაში ჩართული ელიტები ან ბიუროკრატიული ინსტიტუტები ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ტრამპისა და მისი მომხრეების მტკიცებით, „დიფ სთეითი“ მოიცავდა დაზვერვის, უსაფრთხოების და სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, რომლებიც, მათივე აზრით, ადმინისტრაციასთან ფარულად დაპირისპირებას ეწეოდნენ.

დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითი“ უტევს ჩვენს დემოკრატიას. ისინი არ აძლევენ ხალხს იმის უფლებას, რომ მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა თავისუფლად იმოქმედოს.“

ჩაკ შუმერი (Chuck Schumer), დემოკრატიული პარტიის სენატორი: „თუ დაუპირისპირდებით სადაზვერვო სააგენტოებს, მათ ექვსი სხვადასხვა გზით შეუძლიათ თქვენს წინააღმდეგ მუშაობა, და ისინი ამას აკეთებენ, როცა საჭიროდ მიიჩნევენ.“

სტივენ ბენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი და იდეოლოგი: „ეს არის მუდმივი სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ და ცდილობს შეაჩეროს ცვლილებები.“
უილიამ ბარი, ყოფილი გენერალური პროკურორი: „არსებობს მუდმივი სამთავრობო ინსტიტუციები, რომლებიც ყოველთვის არ მოქმედებენ საჯარო ინტერესებში. ამას შეიძლება ვუწოდოთ „დიფ სთეითი“ . ეს არის ის, რაც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა გამოვიკვლიოთ და ვაკონტროლოთ.“
ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“, ხოლო დღეისათვის ეს ამოცანა მისი გუნდისთვის მთავარ პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს.

არანაკლებ მწვავეა ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ მისამართით, თუმცა მათზე სხვა დროს. მთავარი ისაა, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ არის არა რეალობის ქართული ფაბრიკაცია და ე. წ. შეთქმულების თეორიის ნარატივი, არამედ აშშ-ში, ძირითადად, კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებში არსებული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ში არსებობენ ფარული, არაკონტროლირებადი გავლენიანი ძალები და ჯგუფები, რომლებიც ზღუდავენ არჩეული ოფიციალური პირების მმართველობას და ხისტი, აგრესიული საგარეო პოლიტის წარმოებით, დაინტერესებულნი არიან მსოფლიოში მუდმივი კონფლიქტების და ომების წარმოებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს მთელ მსოფლიოში 1000 -ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს და მისი თავდაცვის ყოველწლიური ბიუჯეტი 900 მილიარდ დოლარს აღემატება, ომები კი დამატებით ასეულობით მილიარდი დოლარი ჯდება, არ უნდა იყოს გასაკვირი ე. წ. გლობალური ომის პარტიის არსებობა და ძლევამოსილება.

გლობალურ ომის პარტიას ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს თვით ამერიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო მშვიდობაზე. ათასჯერ უფრო მეტი საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ამ ძლევამოსილის ძალის აგრესიული გეგმები ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მიმართ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც სრულიად ვიზიარებთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს“. ამითაა გამოწვეული ევროპისა და ამერიკის ბიუროკრატიის ზღვარგადასული ჩარევები ქართულ არჩევნებში, ქართული ოცნებისა და ხელისუფლების წევრების უსაფუძვლო და უსამართლო დასანქცირებები, გარედან რევოლუციის ძალადობრივად იმპორტის ფუჭი მცდელობები 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე.

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მოვლენები და ფაქტები თავისთავად მეტყველებენ ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ საშიშ გავლენებზე, მათ შორის საქართველოზე. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ პოლიტიკას შეხედონ როგორც ურთულეს მეცნიერებას და გეოპოლიტიკას, როგორც ქვეყნის გადარჩენის უმაღლეს ხელოვნებას. დროა ვიაზროვნოთ რთულად და არა საყოველთაო მეგობრობაზე გარედან თავსმოხვეული გულუბრყვილო თეორიებით. ამ მკაცრ სამყაროსა და დროში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს და სუვერენიტეტი ამ ინტერსების დაცვისა და განხორცილების ერთადერთი ინსტრუმენტია.

საბედნიეროდ, ჩვენ მარტონი არ ვართ გლობალური ომის პარტიის მსახურ აგრესიულ ნეოლიბერალიზმთან ურთულეს დაპირისპირებაში. ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა, ვინც იდენტობას, ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს ერთგულებს, ნამდვილ ევროპასთან, აშშ-სთან და დასავლეთთან. ისინი არიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები რუსულ ოკუპაციასა და საფრთხეებთან გამკლავებაში, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი სუვერენიტეტი და მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებში სწორად ორიენტირებაა.

ჩვენი ექსპერტები მომავალშიც შეეცდებიან საზოგადოებას დღევანდელობის აქტუალურ თემებზე დასავლელი პოლიტიკოსებისა და სწავლულების მოსაზრებები შესთავაზონ, რათა ჩვენს ყოფაში მეტი პრაგმატიზმი და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციების ღრმა ცოდნა დამკვიდრდეს“, - ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.